როგორ შევიყვაროთ საქართველო
ხშირად გვეუბნებიან, რომ სამშობლო უნდა გვიყვარდეს,
მაინც რას ნიშნავს ეს?
საქართველოს ძალიან სჭირდება კარგი სასულიერო პირები,
კარგი სამხედროები, კარგი ინჟინრები და ექიმები - საერთოდ ყველა სპეციალობის ადამიანი.
თუ ისინი არ გვეყოლება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება - დაკარგულ მიწებს ვერ დავიბრუნებთ,
ვერც უცხოეთში წასული ჩვენი მამები, ძმები და სხვა ახლობლები დაბრუნდებიან საკუთარ
სახლებში. სიღარიბის გამო ბევრი ბავშვი სათამაშოს, ნახატებიანი წიგნისა და ტკბილეულის
გარეშე დარჩება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი სპეციალისტები გამოვიდეთ,
ამისთვის კი ბეჯითი სწავლაა საჭირო - როდესაც ვცდილობთ კარგად ვისწავლოთ, მაშინ ჩვენ
სამშობლო გვიყვარს.
თუ ყველაფერს, რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული,
გულმოდგინედ შევისწავლით, თუ კარგად გვეცოდინება ჩვენი სარწმუნოება, ქართული ენა და
ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მაშინ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვიდგამს
სამშობლოს სიყვარულის გზაზე.
თუკი ბავშვობაშივე მივეჩვევით შრომას, მივეხმარებით მშობლებს, ახლობლებს, უცნობებს,
ჩვენ სულიერ მოძღვრებს, მაშინაც გვიყვარს საქართველო.
თუკი ქუჩებსა და სადარბაზოებს ვუფრთხილდებით, არ ვანაგვიანებთ,
კედლებზე უაზრო ან ცუდ წარწერებს არ ვაკეთებთ, ტრანსპორტში ან სახლებში, სკამებსა და
ნივთებს არ ვაფუჭებთ, მაშინაც სამშობლო გვიყვარს.
თუკი ვისწავლით, რომ საქართველოს გასაჭირი, ჩვენს გასაჭირად
იქცეს, ხოლო ლხინი ჩვენს სიხარულად, მაშინ საქართველოს ცხოვრებით ვიცხოვრებთ და შეიძლება
ითქვას, რომ საქართველო გვყვარებია.
ბავშვობიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ საქართველო
გაძლიერდეს, მის ყველა კუთხეში ცხოვრობდეს ქართველი, ისმოდეს გამართული ქართული ენა...
თუ ამაზე ვიფიქრებთ, მაშინ, ღვთის შეწევნით, მომავალში ჩვენს სურვილს საქმედ ვაქცევთ
კიდეც და ესეც სამშობლოს სიყვარული იქნება.
მაგრამ სამშობლო განსაკუთრებით მაშინ გვიყვარს, როდესაც
მისთვის ვლოცულობთ, იმიტომ რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ლოცვით უამრავი სასიკეთო
საქმე გამოსულა. ლოცვას კი ძალა მაშინ ექნება, როდესაც ვიმარხულებთ, აღსარებას ვიტყვით,
ვეზიარებით, სახარებასა და წმიდათა ცხოვრებას წავიკითხავთ, როდესაც გვეყოლება სულიერი
მოძღვარი, ე.ი. ჭეშმარიტი ლოცვის სწავლება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია და თუ ეკლესია ძალიან,
ძალიან გვიყვარს, მაშინ საქართველო ნამდვილად გვყვარებია.
ავტორი - დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე
No comments:
Post a Comment